fbpx

გენიალური ვირთხების მარათონი – ექსპერიმენტი და შედეგი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ…

რა გავლენა აქვს ფიქრს და როგორ მოქმედებს ის არა მარტო საკუთარ, არამედ თქვენი შვილებისა და ახლობლების ცხოვრებაზე – ამას, წარმატების ექსპერტისგან, თამარ საგინაშვილისგან შეიტყობთ.

თამარ საგინაშვილი: დღეს, ერთ არაჩვეულებრივ ექსპერიმენტზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ავსტრალიაში ჩაატარეს. მეცნიერებმა აიყვანეს ვირთხების ორი ჯგუფი და მათზე დამკვირვებელი სტუდენტების ასევე ორი ჯგუფი.

რეალურად, ცდის პირები ვირთხები კი არა, სტუდენტები იყვნენ:))))

სტუდენტების ერთ ჯგუფს უთხრეს, რომ მათი დაკვირვების ქვეშ მყოფ მღრღნელებს ჰქონდათ სრულიად არაორდინალური ან უკეთ რომ ვთქვათ “არავირთხული” მონაცემები და ისინი გამოირჩეოდნენ ინტელექტით:)))

ხოლო მეორე ჯგუფს უთხრეს, რომ მათ ჰყავდათ ჩვეულებრივი ვირთხები.

“ტვინიანი” და უტვინო ვირთხების ამოცანა იყო ლაბირინთების გავლით მიეღწიათ საკვებამდე.

გემრიელი საკვების სუნი ერთნაირად სცემდა გენიალური და რიგითი ვირთხების ყნოსვას და ისინი ცხადია, ერთნაირი მონდომებით მიიწევდნენ ამ სუნის წყაროსკენ.

მაგრამ… მართლაც რომ ჰოი, საოცრებავ!!!

ვირთხებმა, რომლებიც მათზე დამკვირვებელ სტუდენტებს განსაკუთრებულები ეგონათ, ბევრად ადრე გადალახეს ყველა წინააღმდეგობა და “გონებრივად ჩამორჩენილ” თანამოძმეებთან შედარებით ბევრად ადრე ჩაიტკბარუნეს პირი.

ანუ, მათ გააკეთეს ის, რასაც მათგან ელოდნენ!!!

ვაჯამებ: ეს ვირთხები კი ეგონათ იმ არასერიოზულ სტუდენტებს გენიოსები ( აბა, სერიოზულად როგორ შეიძლება დაიჯერო ვირთხების გენიალურობა) მაგრამ ცხადია, სინამდვილეში მათ ინტელექტის ნატამალიც კი არ გააჩნიათ. და მაინც, მათ ღირსეულად შეასრულეს ის როლი, რასაც მათგან ელოდნენ.

ამ შედეგმა სერიოზულად დააყენა ეჭვქვეშ დედამიწაზე მანამდე და მის მერე ჩატარებული ცდების და კვლევების შედეგები. და ამ მიმართულებით კიდევ ბევრი „იექსპერიმენტეს“.

მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

კითხვა მინდა დავსვა: თუკი „ტვინის ნატამალ-არმქონე“ ვირთხები ასე რეაგირებენ მოლოდინზე, მაშინ რაღა ვთქვათ ბავშვებზე, რომლებიც ძირითადად მუდმივი შენიშვნების და ნეგატიური მოლოდინის პირობებში ცხოვრობენ?

რას ველით ძირითადად მათგან? რომ ისინი კარგი, ჯანმრთელი, ბედნიერი, მხიარული, რეალიზებული ბავშვები იქნებიან, რომლებსაც დიდობაში მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ექნებათ?

რომელი გიჟი იფიქრებს ასე! ფიქრით კი შეიძლება იფიქროს, ოცნების დონეზე, მაგრამ მოლოდინი სულ სხვა რამის გვაქვს მშობლებს. გვეშინია ვირუსების, ეპიდემიების, ცუდი წრის, ნარკოტიკების…….

ბავშვების და მოზარდებისგან ელიან იმას, რასაც ღებულობენ კიდეც: ავადმყოფობას, პრობლემებს, გარდამავალი ასაკის სირთულეებს, გაუთავებელ ლაპარაკს მათთან ხელის დაბანაზე, კბილის გახეხვაზე, საჭმლის ჭამაზე, მეცადინეობაზე…

და ჩვენი გენიალური ბავშვები გენიალურად ასრულებენ მშობლების, მასწავლებლების და ნათესავების შეკვეთებს.

ანდა, რას ველით ჩვენ საკუთარი თავისგან? ეს კიდევ უფრო მტკივნეული თემაა და აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველაფერი გასაგებია.

და რას ველით სხვა ადამიანებისგან? სიყვარულს, სითბოს, პატიებას, მადლიერებას?

თუ თქვენ იმ გამონაკლისების რიცხვს მიეკუთვნებით, ვინც ამას გულწრფელად ელის, მაშინ დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთია თქვენი რეალობა.

და როგორ, რა ინსტრუმენტებით მოქმედებს მოლოდინი? როგორ მართავს ის პიროვნებებს, ფენებს, ერებს, საზოგადოებებს?

მისი იარაღი არის სიტყვა, მეგობრებო! სიტყვა, რომელიც ჩნდება ცნობიერებაში და ქმნის თავისი შინაარსის შესაბამის წარმოსახვებს და სურათებს ჩვენს გონებაში. თუ თქვენ იცით, რომ ეს ვირთხა გენიალურია, თქვენი ტვინი მყისიერად ხედავს გენიალურ ვირთხას და რასაც ხედავს, იმას ან-ხორცი-ელებს! ანხორციელებს! ანუ ხორცს ასხამს!

რას გთავაზობთ?

იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ და არა იმაზე, რაც არ გინდათ!
ანუ იფიქრეთ:

ჯანმრთელობაზე და არა ავადმყოფობაზე;

სიუხვეზე და არა სიღარიბეზე;

სიყვარულზე და არა სიძულვილზე;

ბედნიერებაზე და არა უბედურებაზე;

სრულყოფილ, გონიერ, მხიარულ ბავშვებზე და არა მათ მოსალოდნელ პრობლემებზე.

შექმენით მოლოდინი არა იმისა, რისიც გეშინიათ, არამედ იმისი, რაც ნამდვილად გინდათ რომ მიიღოთ!

როგორ მარტივად და გენიალურადაა მოწყობილი სამყარო და რა არაჩვეულებრივი იქნებოდა ცხოვრება, ადამიანის ტვინს ამ ყველაფრის გადაბრუნება რომ არ შეეძლოს :))

სიტყვა და მისი ძალა იქნება ჩვენი მომდევნო პოსტის თემა. გადაბრუნებული ტვინების გადმობრუნებას კი არ მგონია პოსტებმა უშველოს.

თუმცა… ვინ იცის, ოდესღაც ჩემი ცხოვრებაც საჭირო ადგილას და საჭირო დროს სწორად ნათქვამმა სიტყვამ გადაწყვიტა.
დღემდე მახსოვს ეს წამები.

მინდა, რომ რომელიმე პოსტის კითხვის დროს ზუსტად ასეთი შემობრუნება მოხდეს მათ გონებაში და შემდეგ ცხოვრებაში, ვისაც ეს ძალიან უნდა.

სიყვარულით და თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენით თამარ საგინაშვილი

წყარო: http://JOLO.GE