ტოტალური უპასუხისმგებლობის ეპოქაში ვცხოვრობთ.
ყველა ბრძენია სხვის ომში.
ყველა ცდილობს დამნაშავე იპოვოს.
ეს ცხადია, უმეტეს შემთხვევაში, გულწრფელი სურვილითაა გამოწვეული, რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ.
მაგრამ დამნაშავეების ძებნით, წყევლით, მიწაში ჩადებით და ამოღებით არასოდეს არაფერი შეცვლილა და არც შეიცვლება.
ცვლილებები მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყველა თავის თავზე და თავის ცხოვრებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ეს კი რთულია.
დატრიალდება კიდევ ერთი არნახული ტრაგედია, მოკლავენ მომდევნო ქალს, ცოტა ხანს გავბრაზდებით, მერე ყოველდღიურობა ისევ მიგვავიწყებს ტრაგედიას.
ცოტა ხანში სხვას მოკლავენ…
ვიბობოქრეთ ისევ…
ემოციები ემოციებად, მაგრამ
გამოსავალი სად არის?
უამრავი პროექტი ხორციელდება ქალთა უფლებების დასაცავად, მაგალითად ასეთი: დაარიგებენ საინფორმაციო ფურცლებს, თუ თქვენზე ძალადობენ, აქ და აქ დარეკეთო.
დარეკა, მერე?
ქალებს რეალური დახმარება ჭირდებათ, შინაგანად, ფსიქოლოგიურად გაძლიერება ჭირდებათ. ის, რომ ისინი სრულყოფილი ადამიანები არიან, ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უნდა ვასწავლოთ გოგონებს, უფრო სწორად, ჯერ მათ დედებს ჭირდებათ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულების “ჩასწორება”, რომ მერე გოგონებს ასწავლონ, რომ ისინი სრულფასოვანი ადამიანები არიან და არა მონები. დედებმა უნდა აღიქვან საკუთრი შვილები ასეთებად.
მშობლების მიზანი გოგონას “პარტონს ჩაბარება” (საშინელი ფრაზაა, გეგონება ხბოს ყიდიან) კი არა, დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანის გაზრდა უნდა იყოს, ისეთი ადამიანის, რომელსაც შეუძლია საკუთარი საზღვრების დაცვა და თუ საჭიროა, რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც.
სულ მიკვირს, ამ ბრძენ ენაში ქალისადმი ასეთი უდიერი დამოკიდებულება რატომაა ჩადებული. ვის მოუვიდა ნეტავ თავიდან აზრად, რომ ქალი უნდა ათხოვოს ვინმეს?
გა-თხოვ-ილი, განა-თხოვ-არი, გამო-თხოვ-ილი, გასა-თხოვ-არი… გა-თხოვ-და, ანუ თავისმა მშობლიურმა ოჯახმა ათხოვა ვიღაცას?… თუ თხოვნაა აქ ძირი? ითხოვეს და გავატანეთ? რა თხოვება აგვიტყდა, სიტყვებიც რომ ქალებს ურახუნებს თავში, ცოცხია ათხოვო ვიღაცას?
ფესვები სად არის ამ ყველაფრის?
ერის ტოტალურ მსხვერპლობაშია ფესვები. არ ვიცი, ჩვენმა მსხვერპლურმა ბუნებამ მოიზიდა ჩვენი ტანჯული ისტორია თუ ტრაგიკულმა ისტორიამ ჩამოგვაყალიბა მსხვერპლ ერად, მაგრამ შედეგი სახეზეა.
ტიპიური მსხვერპლები ვართ ქალებიც და კაცებიც.
უდიდესი უმრავლესობა.
არ მითხრათ ახლა, კაცი რა მსხვერპლიაო. აბა, ნორმალური და მაგარი კაცია ცოლს რომ მონასავით ექცევა? ნორმალური ფსიქიკისაა ქალს რომ ჩაგრავს (აუცილებელი არ არის, ურტყვადეს და კლავდეს, მორალურადაც შეიძლება მოკლა ადამიანი). არ არის ნორმალური, არ არის საღი, არ არის სრულყოფილი.
მე ძალიან ბევრ ქალთან მიმუშავია და ვმუშაობ და ვიცი, როგორი “დახვეწილი” ფორმები არსებობს ქალებზე ძალადობის.
დაწყებული იმით, რომ ყველაფერში დედაა დამნაშავე, მაშინაც კი, როცა გოგონა იბადება და მამას ბიჭი ნებავს, დამთავრებული ყოფითი ძალადობით.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ქალებსაც, იმდენად ღრმად გვაქვს გამჯდარი და დედებისგან და ბებიებისგან სისხლით და ხორცით გადმოცემული, რომ ქალს ევალება … და დიიიდი ჩამონათვალი, რა ევალება და რისი უფლება არ აქვს… მათ შორის ისიც, რომ არ აქვს უფლება, დრო დაუთმოს საკუთარ თავს, დაისვენოს, საკუთარი ნიჭების რეალიზების უფლება მიცეს თავს, მაშინ მაინც, როცა შვილები გაზრდილები არიან…
ვინმე კი არ უშლის, თვითონ აქვს ტაბუ საკუთარ თავზე დადებული. და გარემოცვაც იმეორებს მის თვით-ტაბუს.
იცით, როგორ უჭირს უმრავლესობას თუნდაც სულ პატარა სიამოვნების უფლება მიცეს თავს? სულ ცოტათი იზრუნოს საკუთარ თავზე?
რა მიზნები, რის თვითრეალიზება, ნებისმიერ კურსს თუ ტრენინგს, რა თემატიკისაც უნდა იყოს, საკუთარი ფასეულობის მისხალმისხალ შეგროვებით ვიწყებთ, დიდი ტანჯვით ცდილობენ ქალები, როგორღაც შეიგრძნონ, რომ მნიშვნელოვნები არიან, კიდევ მეტად უჭირთ საკუთარი თავისთვის რაიმე სიკეთის უფლების მიცემა, სულ სხვებისგან ელიან დასტურს, მოწონებას, აღიარებას, ნებართვას, ბეჭდის დასმას…
წლები ჭირდებათ, რომ სულ ცოტათი მაინც გამოვიდნენ ამ მსხვერლპობიდან.
და ვინმეს ჯერა, რომ ასეთი ღრმა მსხვერპლობიდან ფლაერები, ლოზუნგები და მოწოდებები გამოგვიყვანს?
არადა, მრავალჯერ მითქვამს და სრულიად დარწმუნებული ვარ ამაში: საქართველოში ქალების პოტენციალის მესამედიც კი რომ იყოს რეალიზებული, ქვეყანა ვერ გვაჯობებდა.
მაგრამ ვის უნდა რეალიზებული ქალები?
თუ ვინმეს მართლა გული შესტკივა ქალებზე და ყველა ეს პროექტები სათქმელად კი არ არის, მართლა საქმეს ემსახურება, დაეხმარეთ ქალებს გამოვიდნენ ფსიქოლოგიური მონობიდან, მოიშორონ ეს საუკუნეების მანძილზე გენეტიკაში ჩაწერილი მსხვერპლობა, დაეხმარეთ თავინთი ნიჭები გამოავლინონ, რეალიზებულები იყვნენ, მოახმარონ ადამიანებს და ქვეყანას თავისი ენერგია და უნარები.
ოღონდ ისევ და ისევ, არ ვიცი, ეს ვის უნდა მოვთხოვოთ, ვის მოხვდება მართლა გულზე, ვინ შეიწუხებს მართლა თავს.. ვინ? ძალიან გამეხარდება თუ ასეთი სტრუქტურები რეალურად არსებობოენ და უბრალოდ მე არ ვიცი.
სამაგიეროდ რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ საკუთარ თავში უნდა ვეცადოთ ამ ცვლილებების მოხდენას, ჩვენში შევცვალოთ, რაც შესაცვლელია, მერე შვილებიც უფრო თავდაჯერებულები გაიზრდებიან, და ასე სხვა ქალების დახმარებასაც უფრო შევძლებთ.
მესმის, რომ ამას დრო ჭირდება. მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ეს შედეგიანი გზაა.
ქალი, რომელსაც აქვს საკუთარი ფასეულობის შეგრძნება, რომელმაც იცის, რომ აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის და არ ჭირდება არავის ფექვეშ ტილოდ გაწოლა, რომ სიცოცხლის უფლება მოიპოვოს, არ დაუშვებს, რომ ან მასზე აწიოს ვინმემ ხელი, ან მის გოგონაზე.
ჩემი საყვარელი ფრაზაა: თუ ქალი ბედნიერია, ოჯახიც ბედნიერია.
და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ – ჩემი წიგნები, კურსები, ველნესუქმეები, ინდივიდუალური მუშაობა, საგვარეულო სცენარების შეცვლის კურსი, ყველაფერი იმისთვისაა, რომ ქალები იყვნენ უფრო ბედნიერები და გააბედნიერონ თავისი ოჯახებიც. წიგნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მგონია ამ საქმეში, იმიტომ რომ ისინი საშუალებას მაძლევს მეტ ქალს მივწვდე.
ზოგადად, რთულია ძალიან ამ თემაზე წერა. უფრო რთულია მხოლოდ წერა კი არა, რაიმე გამოსავლის შეთავაზება. მეტისმეტად დიდი და გლობალურია პრობლემა და ერთეული ადამიანების დონეზე ის ვერ გადაწყდება. მაგრამ ყველამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცადოთ.
მეც ვცდილობ. მიხარია, რომ მართალია, ცოტას, მაგრამ მაინც ვეხმარები ქალებს საკუთარი ადგილის პოვნაში.
და რომ მინდა მეტს მივაწვდინო ხმა და დახმარების ხელი, სწორედ ამ სურვილმა მოიტანა იდეა ტრენინგის წიგნად გამოცემის შესახებ. ეს მიზანი ქონდა თავის დროზე სამასმეერთეს წიგნ ტრენინგად გამოცემას და ეს მიზანი აქვს ახლა ELPOT -ის გამოცემას, წიგნის, რომელსაც ახლავს ვიდეო გაკვეთილები.
ამ წიგნი-ტრენინგების ყველაზე, ყველაზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი და შედეგი სწორედ საკუთარი ფასეულობის დანახვა, საკუთარი სიცოცხლის დაფასება, საკუთარი ადგილის პოვნა, ნიჭების აღმოჩენა და თვითრეალიზებაა საკუთარი თავის სასიკეთოდ, ოჯახის სასიკეთოდ და ადამიანების სასიკეთოდ.
ქალებო!
არასოდეს იგრძნოთ თავი დამნაშავედ, იმის გამო, რომ ვიღაცას ურჩევნია სხვანაირს გხედავდეთ, მისთვის უფრო კომფორტულს და ხელსაყრელს.
არასოდეს მიცეთ უფლება არავის, მოგექცეთ როგორც მეორეხარისხოვანს.
და არასოდეს მიცეთ არავის უფლება თქვენი სიცოცხლის თუნდაც ერთი დღე კოშმარად გიქციოთ.
სულ გახსოვდეთ, რომ თქვენ იმსახურებთ ბედნიერ ქალობას.
თქვენ იმსახურებთ სრულყოფილ სიცოცხლეს.
თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს.