fbpx

უხილავი მსხვერპლების გასაგონად…

ბავშვობიდან ვერ ვიტან ძალადობას.❌❌❌❌❌❌

სოფელში ბაყაყებს ბერავდნენ ხოლმე ბავშვები, კატებს აწვალებდნენ, სულ ვეჩხუბებოდი.

ტარაკანას და ობობასაც კი არ ვკლავ, თუ შესაძლებელია, ვიჭერ და გარეთ გამყავს.

და წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება მაქვს ადამიანებზე ძალადობის მიმართ.❌❌❌❌❌❌

ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე და სულ ვეძებ ცხადია, გამოსავალს.

როცა მე თვითგანვითარების და პიროვნული ზრდის მიმართულებით დავიწყე მუშაობა, მაშინ ქალებზე ძალადობას ასეთი აგრესიული და ღია ფორმა არ ქონდა.

უფრო დახვეწილი და შეფარული იყო ძალადობის ფორმები, და ეს გოგონას დაბადების მომენტიდან იწყებოდა.

ბიჭი თუ დაიბადებოდა, თოფს ისროდნენ, ქვეყანამ გაიგოსო, გოგო თუ დაიბადებოდა, ჩუმად გაიპარებოდნენ სახლში.

ბიჭი თუ დაიბადებოდა, მამა გაფხორილი ინდაურივით იჯდა სუფრის თავში, გოგო თუ დაიბადებოდა, დამარცხებული მორცხვად ხრიდა თავს, რაღაცა არ გამოუვიდა.

და ასე გრძელდებოდა დისკრიმინაცია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა სიტუაციაში.

უმეტესად ასე იყო.

კიდევ კარგი ჩემს მეუღლეს არ აწუხებდა ასეთი კომპლექსები, თავიდანვე სულ უნდოდა გოგო გვყოლოდა, ოთხი ბიჭის მერე კი შეუსრულდა ოცნება და უფალმა მარიამი გვაჩუქა.

და ღმერთმა არ ქნას, ოდესმე ვინმეს აზრად მოუვიდეს ჩვენს მარიმს ცუდად შეეხოს სიტყვითაც კი, ხელის შეხებაზე არც ვლაპარაკობ.

მე ჩემს შვილებსაც არ მივცემ ცოლების დაჩაგვრის უფლებას, თუ გავიგებ, რასაკვირველია, პირიქით, სულ გოგოების მხარეს ვარ.

მთელი ჩემი მუშაობაც, ქოუჩინგი, წიგნები, კურსები, პირადი საუბრები, ინდივიდუალური მუშაობა სულ იმისკენაა მიმართული, რომ ქალებმა დაძლიონ ეს გენეტიკური მსხვერპლობა და სრულფასოვან და სასურველ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ თუნდაც მოწიფულ ასაკში მაინც.

ძალიან ბევრ ქალთან მისაუბრია, მიმუშავია და ბევრიც მიფიქრია ამაზე.

ჩემს აზრს მოგახსენებთ.

უფრო სწორად, გამოსავალს. დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ეს ერთ მნიშვნელოვანია.

მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ეს არ შეცვლის მომავალს.

ისევე, როგორც არაფერს შეცვლის ვინმეს დადანაშაულება, ქალის მშობლების, კაცის დედის ( დედამ გაზარდა ასეთი), საზოგადოების, მეზობლების და მეგობრების, ტრადიციების, გენეტიკის…

ჩვენ გამოსავალი უფრო გვაინტერესებს. პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია. სანამ ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ, მსხვერპლების რიცხვი მატურლობს.

გარდა ხილული მსხვერპლებისა, რომლების სიცოცხლეც უკვე შეიწირა ამ უკუღმართმა დამოკიდებულებამ ქალებისადმი, არსებობს კიდევ ათასჯერ და ათიათასჯერ მეტი უხილავი მსხვერპლი.

ისინი, ვინც არ მოკლეს და ამიტომ არც არაფერი ვიცით მათი ტანჯვის შესახებ.

ისინი, ვისზეც ფსიქოლოგიურად და მორალურად ძალადობენ, ფიზიკურდაც.

ისინი, ვისაც ყოველ წამს აგრძნობინებენ, რომ არარაობაა და მისი სიცოცხლე არაფრად ღირს.

და სამწუხაროდ, ისინი, ვინც უკვე „დაჯილდოვდნენ“ ხშირ შემთხვევაში ქალური ორგანოების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებებით, რომელთა ფსიქოსომატიკა პირდაპირ გვეუბნება, რომ ასეთი ქალები, როგორც წესი, ხდებიან საკუთარი უსუსურობის, საკუთარი ქალურობის მიუღებლობის, მამაკაცის აგრესიის და დესპოტიზმის მსხვერპლები, საიდანაც ვერ პოულობენ გამოსავალს.

ქალური დაავადებების გარდა, ბევრი სხვა რამითაც დაიხუნძლენ ქალები, მაგრამ მე ახლან მხოლოდ იმაზე ვსაუბრობ, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

ეს პოსტი ძალიან დიდი რომ არ გამოვიდეს, მომდევნო პოსტში ჩამოგითვლით მხოლოდ ერთი დაავდების, მაგალითად საკვერცხეების კიბოს ფსიქოსომატიკას, ანუ რა ფსიქოტრავმები უწყობს ხელს ამ დაავადების წარმოქმნას. დასკვნები თავად გამოიტანეთ.

სად არის გამოსავალი?

გამოსავალი თქვენშია ქალებო, თქვენ უნდა იპოვოთ ძალა საკუთარ თავში.

ვერც პოლიცია დაგიჯდებათ სახლში, ვერც სახელმწიფო, ვერც არასამთავრობო, ვერც სამთავრობო. ხომ ასეა?

გარეშე ძალა თქვენ ვერ დაგიცავთ. ძალა თქვენშია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთრი თავი და დაიცვათ თქვენი გოგონები და ბიჭებიც. გაზარდოთ ისინი სრულფასოვან ადამიანებად და არა მსხვერპლებად და მჩაგვრელებად.

არ მინდა შეგაშინოთ და რაღაც ცუდი სცენარები დაგანხვოთ, არა, მე მინდა რეალობა გააცნობიეროთ, ქალებო, დაინახოთ, თქვენი დღევანდელი პრობლემები თქვენი ხვალინდელი დაავადებებია, ხშირად სიცოცხლისთვის საშიშიც. და მიზეზი, აბა, ბავშვებს რა ვუყოო, აქ სრულიად უადგილოა – თქვენ თუ დაავადმყოფდებით, მაშინ რა ეშველებათ ბავშვებს?

ამის მერე სანამ მორიგ შეურაცხყოფას გადაყლაპავთ, გინებას მოითმენთ, შემოლაწუნებასაც გაატარებთ, ჩაგვრას აიტანთ, ძალადობაზე გაჩუმდებით, საკუთარ ოცნებებზე და სურვილებზე უარს იტყვით რომელიმე მჩაგვრელის საამებლად, კარგად დაფიქრდით, რა მოჰყვება ამას, და კიდევ უფრო მეტად დაფიქრდით აი, რაზე:

დედის ბედს შვილი იმეორებს. მით უმეტეს, თუ გოგონა გყავთ. იმიტომ, რომ ქალური მსხვერპლობის თემა უმეტესობას საგვარეულო სცენარებით გვაქვს მიღებული და ის გადადის თაობიდან თაობაზე, სანამ ერთხელაც რომელიმე ქალი არ იტყვის: მორჩაა, მე ამას აღარ ავიტან, მე შევიცვლები და შევცლი ჩემს ცხოვრებას, იმისათვის, რომ ვიყო ამ სამყაროს სრულყოფილი ნაწილი და იმისათვის, რომ ჩემს შვილებს არ მოუწიოთ იგივეს გავლა.

თქვენ გინდათ თქვენი შვილიც თქვენს დღეში აღმოჩნდეს?

თუ არ გინდათ, მოიკრიბეთ ძალა, ენერგია, გააღვიძეთ საკუთრ თავში ქალი…

დედა გააღვიძეთ, დედა.

დედობა მხოლოდ სადილი და ვახშამი, ფულით უზრუნველყოფა და საჩუქრების ყიდვა არ არის. დედობა პირველ რიგში პირადი მაგალითით იმის ჩვენებაა, როგორ უნდა იცხოვროს თქვენმა შვილმა, რომ იყოს ბედნიერი.

თქვენი ცხოვრება არის იმის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვროს თქვენმა შვილმა?

დაფიქრდით ამაზე. დაანაბეთ თავი კაცები რას მიხვდებიან და რას არა, რას შეცვლიან და რას არა. სახელმწიფო დაგვიცავს თუ არა. ყველა თავის ინტერესებს იცავს.

თქვენ თქვენს სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ და ოდესმე ყველა მიხვდება, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალი= ბედნიერ ოჯახს.

ღირს ამისთვის თავის შეწუხება? ღირს.

ეს არის გამოსავალი. ამის წამალია საგვარეულო სცენარებზე მუშაობა, საკუთარ მსხვერპლობაზე მუშაობა, საკუთრი ნიჭების დანახვა და აღიარება, საკუთარი მნიშვნელოვნების შეცნობა და შეგრძნება.

ამ ძალადობის პანდემიიდან თავის დახსნის სხვა გზებიც შეიძლება არსებობს, მე არ ვიცი. მე ვიცი, რომ თქვენ უნდა გაძლიერდეთ, საკუთარი ძალების რწმენა უნდა გქონდეთ, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი სიცოცხლე ძვირფასია, თქვენი გოგონების სიცოცხლე ძვირფასია და არავის,

არავის მიცეთ უფლება წაგართვათ ჯანმრთელ ქალად ყოფნის უფლება, სიცოცხლის უფლება, ბედნიერების უფლება, სამყაროს სრულყოფილ ნაწილად ყოფნის უფლება.

არავის. წერტილი.